„საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაბრალებოდა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
კერძოდ, სუს-ის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.
უწყების ცნობით, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. სუს-ის ცნობით, არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
„აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
სუს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.