„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც დღეს აქ არიან, წინ მიიწევენ მათი გულმოდგინე რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ფრთხილად შესრულების გამო. ამავე დროს, საქართველოს აქვს უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით. საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქართველომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები კი ასეთი შორს მიმავალი არ ყოფილა.
„გაფართოების პროცესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე მისი პოლიტიკური ტრანსფორმაცია სტაბილურ დემოკრატიად, ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით, სრული და შეუქცევადია, რომ ახალი წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს ევროკავშირის სრული და კონსტრუქციული წევრი. ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია რეგიონულ თანამშრომლობასთან. დასავლეთ ბალკანელებმა ეს გაიგეს და მუშაობენ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მათი ევროკავშირში ინტეგრაციის საუკეთესო შედეგისთვის.
საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს. ასე რომ, როდესაც საქართველომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები არ ყოფილა ისეთი შორს მიმავალი, როგორც საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი საჯარო ადმინისტრაცია, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობაში ჯერაც აღმშენებლობის პროცესშია. ეს ნამდვილად უპირატესობაა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანხვედრას, რადგანაც საქართველო შეძლებს რეფორმების დამტკიცებასა და ამოქმედებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.