"ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, საქართველო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა და იქნებოდა ქვეყნისადმი პრეტენზიები ტერორიზმთან დაკავშირებით," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს.
„წარმოგიდგენიათ? ამას არ გააკეთებს „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაცია, არ მოიწადინებს საკუთარი ქვეყნისთვის რაიმე ამდაგვარის ჩადენას. დააკვირდით სქემას, რატომ შვიდი ქართველი? რატომ საქართველოს გავლით? რა, ვაჟკაცი ხალხი დაილია თავად უკრაინაში? ათიათასობით ადამიანი იბრძვის, დაიღუპა თავისი ქვეყნისთვის და გზაც მოინახებოდა – მაინცდამაინც საქართველო, რომ ხვრელი დაერქვას, მაინცდამაინც რაღაც ევნოს საქართველოს. წარმოიდგინეთ, აქ უკვე როგორი დარტყმის ქვეშ დგებოდა. რა თქმა უნდა, რომელი ჭკუათმყოფელი შვიდი ქართველი გაერეოდა და ჩაერეოდა, თუ არ აქვს პოლიტიკური და მავნებლური ინტერესი? პლუს, გამოითქვა არა ეჭვი, არამედ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოგვეწოდა ამბავი, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ანდრეი შარაშიძე, რომელიც არის ოდესელი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი. კავშირებს ვერ ხედავთ? ოდესიდან თუ გამოვიდა გემით, წასულიყო პირდაპირ შემოვლითი გზით და მისულიყო სადმე ისეთ ადგილას, სადაც მიაწოდებდა. არა, ეს უნდა მომხდარიყო საქართველოში. წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი მოხდებოდა? აქეთ რუსეთი პირდაპირი დარტყმით, იქით ტერორიზმთან დაკავშირებით იქნებოდა ჩვენდამი პრეტენზიები. მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, ახმეტაში რომ გადმოვიდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მებრძოლები, რუსეთმა დაბომბა არამხოლოდ ჩეჩნეთის მხარე, დაბომბა საქართველოს მხარე და თუ არ ვცდები, 20 ადამიანამდე შეეწირა ამას, უზარმაზარი მსხვერპლი იყო. რა იქნებოდა ახლა, ამ გაგანია ომის დროს, როდესაც ასეთი ამბავი მოხდებოდა და რუსეთი გაიგებდა, რომ ჩვენგან შედის 14 კილოგრამი ტროტილზე უფრო მძიმე ასაფეთქებელი საშუალება?“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე. ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს.
იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში. ნაწილის გატანა სცადეს, ნაწილზე კი დამკვეთმა გადაწყვეტილება შეცვალა და თბილისში დატოვეს. სუსის ინფორმაციით, საქმეში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე. ორგანიზატორთა მიზანი იყო - ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს.