აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“ და რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს.
„ადმინისტრაცია კატეგორიულად მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ხრიკზე და ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გაგზავნონ ორპარტიული „საგანგებო ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ასიგნებების აქტი“ პრეზიდენტის მაგიდასთან. ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს პუტინის აგრესიისგან თავის დაცვაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განცხადებაში.
აღნიშნულ კომენტარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს მუქარა ღალატია“. „ისრაელისა და ჩვენი სამხედრო ძალების დახმარებაზე ვეტოს დადების მუქარით, ნიშნავს პრეზიდენტის მიერ ჩვენი მოკავშირის ყველაზე საჭირო დროს მიტოვებას“, - აღნიშნა ჯონსონმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა მუშაობს სენატის „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ წევრებთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც კვირას გასაჯაროვდა და რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ასევე უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, 118 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პაკეტიდან უკრაინის დახმარებისთვის 60.1 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და ისრაელის მხარდასაჭერად - 14 მილიარდ დოლარზე მეტი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას წითელ ზღვასა და ტაივანში ოპერაციებისთვის. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა შაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.