logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ტაბატაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ დიდი საფრთხე აგვარიდა
- +

6 თებერვალი. 2024. 11:04

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურება. აღნიშნული ღონისძიების შედეგადაც რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ამოღებული.

 

„ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია, რომელმაც დიდი საფრთხე აგვარიდა. დროულად გატარებულმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებმა საქართველოში უზრუნველყო პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ტერორიზმის მიზანია ძირი გამოუთხაროს ქვეყნის უსაფრთხო გარემოს, მოქალაქეების წარმოდგენაში შეარყიოს ხელისუფლებისადმი ნდობა და მტრული ძალებისთვის პოლიტიკური პროვოკაციების ორგანიზების შესაძლებლობა შექმნას. მნიშვნელოვანია ყოველივე ამის ღრმად გაანალიზება, რაც დაგვეხმარება უკეთესად დავინახოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, არამედ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. გუშინ წარმატებულად ჩატარებულ სპეცოპერაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრს. სწორედ მსგავსი წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების გამო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაიმსახურა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება. აღსანიშნავია, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა ეჭვმიტანილთა წრე გაფართოვდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

 

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner