საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით მე-14 პერიოდული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2014 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს, სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკა-მკურნალობისათვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ასახავს.
ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 27 კომპანიის დახმარებით, სოლიდარობის ფონდში 7 933 102 ლარია მობილიზებული.
„უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, ფონდმა სიმსივნით დაავადებული 281 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა-დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა საერთო ჯამში 1 723288 ლარის, 2 601 271აშშ დოლარისა და 1 279219 ევროს მოცულობით.
120 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 161 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში",- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე 2 წელია, რაც საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად ფონდში განხორციელებული მზარდი დონაციებისა, სამწუხაროდ ფონდში მომართვიანობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რომ უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილური დაფინანსება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ",-ნათქვამია სოლიდარობის ფონდის ანგარიშში.