„გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამით ოპოზიციის გადაჯგუფების საკითხზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, ჩანს რამდენად ფიქტიურია ეს [გვარამიას „ნაციონალური მოძრაობისგან] გამიჯვნა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიცია კვლავ გადაჯგუფების ფაზაშია - მას შემდეგ, რაც გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად პოლიტიკურ ველზე ბრძოლა დააანონსა, ამჯერად მან თანამშრომლობისთვის საინტერესო ფიგურად გიორგი გახარია დაასახელა, თუმცა საპასუხოდ გახარიას გუნდისგან იგივე ვერ მიიღო.