logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დღეს ზურაბიშვილი ქვეყნის სამწუხარო საპრეზიდენტო რეიტინგის სათავეში უპირობო სამარცხვინო ლიდერად მოგვევლინა
- +

6 თებერვალი. 2024. 14:37

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე ჩაბარებული ანგარიშის სახით პრეზიდენტის მხრიდან არც ერთი მინიშნება იყო, „თუ რითი იყო დაკავებული თავისი სამარცხვინო საპრეზიდენტო ვადის ხუთი წლის განმავლობაში“.

 

„1989 წლის 9 აპრილს საბჭოური წარსულიდან დასავლური მომავლისკენ დაწყებულ ისტორიულ რბოლაში ყველაზე დიდი ანტიდასავლური იმედგაცრუება ქართულ საზოგადოებას გაუჩინა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგმა სააკაშვილმა, რომელიც ჩვენი საგარეო მისწრაფებების ფლაგმანმა - დასავლეთმა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკად ქცეული საქართველოს იმდროინდელი ზედამხედველის პოსტზე მყოფი დიქტატორი - „დემოკრატიის შუქურად“ გამოაცხადა.

 

თუ ვინმეს შეეძლო დღეს ანტიევროპული იმედგაცრუების გაღვივება საზოგადოებაში, ეს იყო ქართულ პოლიტიკაში უცხო სხეულის, შეცდომის არა, დანაშაულის გზით ქვეყნის პრეზიდენტად შემოგდებული, უსამშობლო, სარწმუნოებისა და მორალის მიღმა არსებული ფსევდოდასავლურ ფასეულობათა მატარებელი ძალების აგენტის - სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

ქვეყნის წინაშე ჩაბარებული ანგარიშის სახით არც ერთი სიტყვა, საკონსტიტუციო უფლებამოსილებით განსაზღვრული საკუთარი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შესახებ - გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ, დღეს არ თქმულა! არც ერთი მინიშნება, თუ რით იყო დაკავებული თავისი სამარცხვინო საპრეზიდენტო ვადის ხუთი წლის განმავლობაში! მხოლოდ „მამა აბრამის ბატკნად“ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კორუფციულ, მენტალურ, სარწმუნოებრივ კრიზისში მყოფი ევროპის სივრცის წარმოჩენა და ამ ფონზე, მტკნარი სიცრუის ტირაჟირება მისთვის უცხო ქვეყნის - საქართველოს, მისი საზოგადოების, ხელისუფლებისა და არანაკლებად სამარცხვინო ოპოზიციის შესახებ.

 

დღეს საქართველო რეალობასთან ახლოს მყოფი თავისი ევროპელი პარტნიორებიდან: უნგრეთიდან, ხორვატიიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ა. შ. ცდილობს სწორედ ზურაბიშვილისეული „სიცრუის მანქანების“ გადალახვით, ევროკავშირის მისთვის კუთვნილ და ღირსეულ ასპარეზზე დაბრუნებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს სწორედ ზურაბიშვილისა და სააკაშვილის აგენტოკრატების მავნებლური და რეალურად ანტიდასავლური წნეხი შეასუსტოს, ვინაიდან საქართველოს ადგილი შეიძლება იყოს მხოლოდ ღირსეული ფასეულობების ბაზისზე დაფუძნებულ ევროპაში, ისევე, როგორც ევროპა მხოლოდ ღირსებაზე დაფუძნებულ საქართველოთი უნდა იყოს დაინტერესებული.

 

17-ჯერ ახსენა ამ დაუფარავ მოღალატედ ჩამოყალიბებულმა აგენტმა: „რუსეთი, რუსული, რუსიფიკაცია“. არ დავიწყებია და ერთხელაც შეგვახსენა თავისი თანამონაწილეობა გასული წლის ყველაზე სამარცხვინო ოპერაციასა და დანაშაულში - საზოგადოების უფლება, ჰქონოდა ინფორმაცია უცხოეთის გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, „რუსულ კანონად“ რომ შერაცხა. ერთი ნაბიჯი აკლდა ამ დედაკაცს, რომ „ორიტრუპიმინდას“ გზას დასდგომოდა, იმ მარტის დღეებში კონკრეტულ მსხვერპლზე და სისხლზე მიზანმიმართულად ორიენტირებულ აქციებში, ერთი უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე რომ შეეწირა, მისივე დაგეშილ ბრბოს.

 

ქვეყნის სამწუხარო საპრეზიდენტო რეიტინგის სათავეში, უპირობო სამარცხვინო ლიდერად მოგვევლინა დღეს ზურაბიშვილი. მისი 45-წუთიანი გამოსვლის პუნქტობრივად კომენტირებას აზრი არა აქვს. ეს იყო „ლუციფერის“ სიცრუის ენაზე შემოთავაზებული გაუკუღმართებული და გამრუდებული რეალობის წარმოჩენა. ეს იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში კიდევ ერთ „ძირმაგარაზე“ დასასმელი „მსუქანი წერტილი“. ჩვენი ცხოვრება კი გრძელდება და 26 ოქტომბერს „დაუჯერებლად დამაჯერებელი“ გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner