აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს მძიმე ვითარება გვაქვს რეგიონში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.
ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა ქალბატონი. მეორე პირი კი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ჩვენი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.
მოსახლეობას ვთხოვ, გზებზე გადაადგილებისგან ამ ეტაპზე მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიასთან გასამკლავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.