logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, საქართველო შეინარჩუნეს აქ და არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან
- +

6 თებერვალი. 2024. 16:36

 

 

დიდ პატივს ვცემ იმ ემიგრაციასაც, რომელიც უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვერ მივიღებ დეფიტიზმის ხსენებას სალომე ზურაბიშვილისგან, რადგან ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან,  ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, საქართველო შეინარჩუნეს აქ და არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

სუბარის თქმით, უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა და გავაერთიანოთ ქვეყანა.

 

„ჩვენ დავუშვით შეცდომა, დიახ, დავუშვით შეცდომა, რადგან ქართველ ხალხს ვუთხარით, ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს არ დაუტოვებიათ ეს სამშობლო. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის, შექმნეს ქართული კულტურა. ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა. გალაქტიონ ტაბიძე იყო, რომლის მეუღლე გადაასახლეს და ამ ადამიანებმა იბრძოლეს, ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს საქართველო. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ემიგრაციასაც, რომელიც უცხოეთში წავიდა, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიტყვა დეფიტიზმს ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, დეფიტიზმის ხსენებას სალომე ზურაბიშვილისგან, რადგან ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო შეინარჩუნეს აქ, არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან. კიდევ ერთხელ პატივისცემა მათ, მაგრამ საქართველო აქ გადარჩა და აქ უნდა გადავარჩინოთ ჩვენ. დიახ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, დიახ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელსაც თითქოს ოჩამჩირესთან რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა იწვევს საქართველოსთვის და რაღაც ზომებისკენ მოგვიწოდა, რა ზომებისკენ, ვერ დააზუსტა და ვერც დააზუსტებს, რადგან ეს ცარიელი სიტყვებია, რომელიც მან უნდა თქვას, რადგან დღეს ასეთი დაკვეთა აქვს. მაგრამ 30 კილომეტრში არის სამხედრო ბაზა ახალგორთან, ბევრად უფრო ახლოს და ბევრად საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ის ბაზა, რომელიც შეიძლება, მომავალში აშენდეს ან არ აშენდეს.  ახალგორზე რა ვქნათ, იქნებ, ამაზეც გვითხრას ორი სიტყვა, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ დაველაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, როგორ წარმოუდგენია მათთან ლაპარაკის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე არცერთი სიტყვა მას არ უთქვამს. სამაგიეროდ, ლაპარაკობს იმაზე, თურმე 19 აპრილის შეთანხმება იყო რაღაც დარღვევა. რა დარღვევა, ქვეყნის კონსტიტუცია დავარღვიეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა, ისეთ რამეს მოვაწერეთ ხელი და როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ხელშეკრულების შესრულებაზე, მხოლოდ შემდეგ გავაუქმეთ ხელშეკრულება. კონსტიტუციის დარღვევის არშესრულება თურმე ქვეყნის ინტერესების ღალატია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სუბარის განმარტებით, ქვეყნის ინტერესების ღალატია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე აკეთებს, როდესაც ის დადის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში.

 

„დადის უცხოეთში და იქ აკეთებს საქართველოს საწინააღმდეგო საქმეს. დიახ, საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველო არ არის ევროპა, რომ შორს დგას ევროპისგან. ეს არის ტყუილი. საქართველო არის ევროპა, ქართველები ვართ ევროპული ცივილიზაციის და ევროპული კულტურის ხალხი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ეს ევროპული ცივილიზაცია და კულტურა აქ, ამ საქართველოში შევინარჩუნეთ და ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნეს, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც საქართველო გადაარჩინეს ომში ჩართვასაც, თავისი ძალიან სწორი პოზიციით, რომლებმაც შეძლეს, რომ საქართველომ მიიღო დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს ბოლომდე იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ამასთან, სოზარ სუბარმა მოიყვანა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ციტატები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდნენ.

 

„მე არ ვიცი, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა საცოდაობაა, როცა დღეს ის გახდა იმ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც წავიკითხავ, რა სიტყვებს ამბობდა მასზე: „რეზიდენტი, რუსეთის აგენტი, ყველაზე სამარცხვინო კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტობის ისტორიაში, ვინც მას ხმას მისცემს, მიმაჩნია ქვეყნის გამყიდველად, მასთან ერთად – ეს თქვა ნიკა გვარამიამ. ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე – მიხეილ სააკაშვილი. ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი – ხატია დეკანოიძე. მტერი, მოღალატე, ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი – ნიკა მელია. რუსეთის ერთი გუბერნიის გუბერნატორის მიმართვა რუსეთის მიმართ – უდუმაშვილი. სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულანტური განცხადებების ავტორი – ანა ნაცვლიშვილი, პუტინის ნარატივის გამმეორებელი – თინათინ ბოკუჩავა“. გილოცავთ, რომ ეს ადამიანი დღეს არის თქვენი ლიდერი და არ მგონია, მასთან ერთად ძალიან შორს წახვიდეთ. მეტს არ მგონია, ეს ქალბატონი ჩვენგან იმსახურებდეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner