logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შეეგუეთ ყველა იმას, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან და მომავალშიც ასე გაგრძელდება
- +

6 თებერვალი. 2024. 16:52

 

 

შეეგუეთ ყველა იმას, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება და მომავალშიც ასე გაგრძელდება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან, შესაბამისად ამისა, ჩვენ თავს ზევით ძალა უნდა ვიპოვოთ და ვთქვათ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს მაშინაც, წინა წელს, როცა დაიჩაგრა ეს ქვეყანა, როდესაც თქვენ თქვით, რომ არ იმსახურებდა და მაშინაც, როცა მიიღო. მომავალშიც სხვაზე მეტად იმსახურებს, რომ ის იყოს თავისი ტრადიციებით, სწორი აზროვნებით, მენტალობით, თვითმყოფადობით, ისტორიით და კულტურით ევროპის ოჯახის წევრი”, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

 

„დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ყველა რეგიონში დავდიოდი და ვიხვეწებოდი ემიგრაციის სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, რომ მოვისმენდი იმ გამოსვლას, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ ერთი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა.

 

რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ფორმალურად დღეს ისევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, პრეზიდენტად არჩეულ იქნა მას შემდეგ, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არც ერთ არჩევნებში რომ არ გაგვჭირვებია და ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა, ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა. 26 მაისს, რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი რატომ არ ეტყობოდა, ერთ მთავარ არგუმენტს გეტყვით: არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ერთი სიტყვა ხომ შეიძლებოდა ქალბატონ სალომეს ეთქვა, რომ ეს ერთი კარგი ამბავი ხდებაო, როცა კვირა არ გავა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს - ეკონომიკის, სიღარიბის დაძლევის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა და ამის დასტურია დღევანდელი გამოსვლაც, სადაც მან ფაქტობრივად თავი მოუყარა ბოლო ორი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ და მისი მიმდევრების ტყუილებს.

 

„ქალბატონო სალომე, როდესაც თქვენ აჰყევით „საუკუნის აფიორას“ ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რას ეუბნებით თქვენს, ჩვენს შვილებს, ჩემს შვილებს, რომ მისი მამა, მისი დედა ჩართული იყო რუსული საქმის კეთებაში და პირდაპირ ატყუებთ, ეს „საუკუნის აფიორაა“. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანს დაარქვათ „რუსული“ და ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა იკადროს. თქვენი დღევანდელი გამოსვლა იცით რა იყო? 2 წლის განმავლობაში, რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა „კლასტერმა“, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს, მეტი არაფერი იყო. ვინმემ, ამ დარბაზში მსხდომიდან, ერთი განსხვავება იპოვა ყველაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლასა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას შორის, ვერ იპოვით. იცით რატომ? სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ დიდი ხანია, მათ რიგებში გადაინაცვლა. თქვენ გაქვთ მცდელობა „შალვას ფანჩატურს“ შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ „სალომეს ფანჩატური“. მეტი არაფერი გამოგივათ მაგ საქმიდან იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ.

 

ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ - ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა მაინც, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვით - საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს და საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად? წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები ასე სტატუსს არ არიგებენ, ჩვენ მათი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებაც ვნახეთ, ვნახეთ დისკუსიაც, კამათიც და ჩვენ ჩვენი მყარი არგუმენტებით გავიმარჯვეთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე შეფასებით, საერთო პატრონის ხელი რომ არ ეტყობოდეს, არ შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და ე.წ. პრეზიდენტის მესიჯბოქსი ასე დეტალებში, სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდეს ერთმანეთს.

 

„ეს არის ძალიან სამწუხარო ვარაუდი, რომელსაც დიდი დასაბუთება აქვს, ეს ჩვენ არა დღეებმა, არა კვირებმა, არა თვეებმა, არამედ უკვე წლებმა გვაჩვენა და საქართველო რომ არ გახდა ხალხის დახოცვის, უბედურების, ომის პლაცდარმი, ეს ვერ მოინელა ბევრმა და მისი გამოძახილია დღეს ის, რაც აქ ხდება“, - აღნიშნა ფრაქციის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner