„ქვეყნის ინტერესების ღალატია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე აკეთებს, როდესაც ის დადის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში და იქ საქართველოს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დღეს საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა და მისი ყოველწლიური ანგარიში.
როგორც დეპუტატი ამბობს, საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში ვიზიტებისას ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
„დიახ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და როგორც უკვე წავიკითხე ციტატა „დიახ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“. სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ თითქოს რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა იწყება საქართველოში, ოჩამჩირესთან და რაღაც ზომებისკენ მოგვიწოდა. არადა, რა ზომებისკენ მოგვიწოდებს, ვერ დააზუსტა და ვერც დააზუსტებს, იმიტომ, რომ ცარიელი სიტყვებია, რაც მან დღეს თქვა. აუცილებლად უნდა თქვას, რომ ასეთი დაკვეთა აქვს. მაგრამ, ოცდაათ კილომეტრშია აქ, ახალგორთან სამხედრო ბაზა და ბევრად უფრო ახლოს არის და ბევრად უფრო საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ის ბაზა, რომელიც თურმე, შესაძლოა, მომავალში აშენდეს ან არ აშენდეს. ახალგორზე რა ვქნათ? იქნებ ამაზეც გვითხრას ორიოდ სიტყვა, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა? როგორ დაველაპარაკოთ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებს და როგორ წარმოუდგენია მათთან ლაპარაკის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
ამაზე არცერთი სიტყვა მას არ უთქვამს. სამაგიეროდ, იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე 19 აპრილის შეთანხმება დარღვეულა. რა დარღვევა? ქვეყნის კონსტიტუცია დავარღვიეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა, ისეთ რამეს მოვაწერეთ ხელი და მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ უარი თქვა ამ ხელშეკრულების შესრულებაზე, მხოლოდ შემდეგ გავაუქმეთ ეს ხელშეკრულება. თურმე ეს ყოფილა ქვეყნის ინტერესების ღალატი.
ქვეყნის ინტერესების ღალატია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ყოველდღე აკეთებს, როდესაც ის დადის საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში და იქ საქართველოს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს. დიახ, საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დადის იქ და ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველო არ არის ევროპა და შორს დგას ევროპისგან. ეს არის ტყუილი! საქართველო არის ევროპა, ქართველები ვართ ევროპული ცივილიზაციის და ევროპული კულტურის ხალხი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ეს ევროპული ცივილიზაცია და კულტურა აქ, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ ჩვენ და ჩვენმა მოქალაქეებმა, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც თავიანთი ძალიან სწორი პოზიციით საქართველო გადაარჩინეს ომში ჩართვას და შეძლეს ის, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მე არ ვიცი, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა საცოდაობაა, რომ დღეს ის გახდა იმ ოპოზიციის ლიდერი, რომლის წარმომადგენლებიც, ახლა წავიკითხავ, რა სიტყვებს ამბობდნენ მასზე: „რეზიდენტი, რუსეთის აგენტი, ყველაზე სამარცხვინო კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტობის ისტორიაში. ვინც მას ხმას მისცემს, მიმაჩნია ქვეყნის გამყიდველად მასთან ერთად” - ეს თქვა ნიკა გვარამიამ; „ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე” - მიხეილ სააკაშვილი; „ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი” - ხატია დეკანოიძე, „მტერი, მოღალატე, ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი” - ნიკა მელია; „რუსეთის ერთი გუბერნიის გუბერნატორის მიმართვა რუსეთის მიმართ” - ზაალ უდუმაშვილი; „სამარცხვინო, მოღალატეობრივი და კაპიტულანტური განცხადებების ავტორი” - ანა ნაცვლიშვილი; „პუტინის ნარატივის გამმეორებელი” - თინათინ ბოკუჩავა. გილოცავთ, რომ დღეს ეს ადამიანი არის თქვენი ლიდერი და არ მგონია მასთან ერთად შორს წახვიდეთ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.