logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის
- +

6 თებერვალი. 2024. 17:07

 

 

„ჩვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, სტაბილური ზრდა-განვითარების შესახებ ყოველთვიურად მართლდება და ახლა უკვე 2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

 

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელები გააცნო: 2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. ამასთან, მისი პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე 2023 წლის აპრილიდან ინფლაციის დონე მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება - გასული წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ბოლო 8 თვის განმავლობაში კი 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

 

„2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას - 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა - გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ეს ტენდენცია 2023 წლის სამივე  კვარტალში გაგრძელდა და კვარტალურ ჭრილში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა (III კვარტალი - 15.6%).  წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება  დასაქმების დონეც. ამასთან, მინისტრობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება,  დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

 

„ეს გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულ დაძლევასა და არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებაზე, რაც გულისხმობს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და  ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას.  გაძლიერდება და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner