თბილისის საკრებულოში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში მოეწყო, მისი მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ღონისძიება კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაციის „ევროპა დონა საქართველო“ ეგიდით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო „ევროპა დონა საქართველოს“ მხრიდან მადლიერების გამოხატვა ყველა იმ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ, რომელთა თანადგომამ ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა.
როგორც ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, თითოეული მოქალაქის სრულფასოვანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ სერვისების განხორციელებაში მონაწილეობს.
„ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა. ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი ადამიანზე, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სახელმწიფოსა და თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ჩვენი შეკრებაც ამ ყველაფრის დასტურია. პაციენტების, სახელმწიფო სტრუქტურების, ექიმების, მედიის, კერძო სექტორის ერთობლივმა ძალისხმევამ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი გახადა, სიცოცხლის შანსი მიეცა უამრავ ადამიანს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მრავალი წლის მანძილზე იყო და არის ჩართული სრულფასოვანი სამედიცინო სერვისების შექმნაში, დახვეწასა და განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქეს ონკო ქირურგიას დაუფინანსებს. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ცვლილების მიხედვით, ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა პირს განურჩევლად მისი შემოსავლისა. ანალოგიური წესი გავრცელდება ონკო პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზეც, რომელიც მოიცავს ქიმიო-ჰორმონო-სხივურ თერაპიებსა და მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია, რომ თერაპიაზე გათვალისწინებული 25-ათასლარიანი წლიური ლიმიტი მოიხსნა, შესაბამისად დაფინანსება მიბმული იქნება არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ დიაგნოზზე. გარდა ამისა, სამინისტრო უშუალოდ მწარმოებლისგან სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შეისყიდის მედიკამენტებს. ყოველივე ამის მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. შედეგად თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს და შეაფასეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: განვლილი საქმიანობა და მიღებული შედეგები, დღეს არსებული მდგომარეობა, დასახეს სამომავლო გეგმები, რათა მკურნალობა კიდევ უფრო სრულყოფილი და უწყვეტი გახდეს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები დაესწრნენ.
4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის. სწორედ ამიტომ მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლიდან საფუძველი ჩაეყარა 3-წლიან კამპანიას „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“.