logo_geo
eng_logo
„ნაკვერჩხლებში ორი დამწვარი გვამი ბოლავდა“- ირაკლი შონია ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების შესახებ...
- +

13 სექტემბერი. 2016. 21:53



ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების- ვაჟა ჭინჭარაულისა და ირაკლი გოგაძის ტრაგიკული გარდაცვალების ისტორიას იხსენებს:



„ამ ფოტოზე ზვიად გამსახურდიას ხელმარცხნივ მყოფი წარმოსადეგი ახალგაზრდა გახლავთ, პრეზიდენტის დაცვის წევრი ვაჟა ჭინჭარაული. მასთან ერთად კი არ შემიძლია არ მოვიხსენიო, ასევე პრეზიდენტის დაცვის წევრი ირაკლი გოგაძეც...

 

ეს ორი ადამიანი მრავალი წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყვნენ გამოცხადებული... მინდა საზოგადოებამ მათი ტრაგიკული ისტორიის ამბავიც შეიტყოს. გოგაძეც და ჭინჭარაულიც დევნილ პრეზიდენტს ახლდნენ მუჟავაში, ჩვინარეშში, ბადრი ზარანდიას ბანაკში, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ბანაკი დატოვა გოგაძეც და ჭინჭარაულიც ბანაკში დარჩნენ, (ძალიან უცნაურია და მე ახსნას ვერ ვუძებნი და არანაირი არგუმენტი არ მაქვს რატომ დატოვეს ზარანდიას ბანაკი ან რატომ არ შეუერთდნენ პრეზიდენტს რომელიც ახლოს ჭყებზენის მთაზე იყო დაბანაკებული), ბანაკში გამოაცხადეს რომ მიდიოდნენ ბრძოლის გასაგრძელებლად და უნდა შეერთოდნენ იმერეთის ბატალიონს. მეგზურობა ვინმე ჭუმინამ იკისრა (რომლის სახელი და გვარი ვერ დავადგინე), რადგან ბიჭებმა კარგად არ იცოდნენ სამეგრელოში გზები. ბანაკში მყოფებმა ჩაულაგეს საგზალი (საკვები პროდუქტები) მოახტნენ ცხენებს და წავიდნენ...

 

ამის შემდგომ აღარავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელის შესახებ...

მრავალი წლის შემდეგ როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით შეიქმნა საპარლამენტო კომისია ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გამოძიებასთან დაკავშირებით, ძიების კვალმა ამ ადამიანებამდეც მიიყვანათ. ჩემთვის დღემდე ასევე უპასუხოთ რჩება კითხვა, საიდან მოხვდნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს უბან ულურიაში.ეს ადამიანები გამცილებელმა მიიტყუა თუ სხვა მიზეზია?  შიდა მოღალატეები ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყვნენ.

 

 შარშან ზაფხულში მეც, თანმხლებ პირებთან ერთად ჩავედი ამ სოფელში... ულურიის უბანი ფაქტიურად ხევშია, სადაც მომცრო მდინარის პირას გრამიტონ კვარაცხელიას საზაფხულო, დასასვენებელი ფინური ხის სახლი მდგარა. სწორედ ამ სახლში აღმოჩნდნენ გოგაძე და ჭინჭარაული. უცნაურია, რომ იქვე მცხოვრებ მეზობლებს არავინ დაუნახავთ და არც ცხენების ფლოქვების ხმა გაუგონიათ. მეზობლის ბიჭმა მოგვიყვა რომ იმ დღეს, ამ ეზოზე საქონელი გადაჰყავდა და საეჭვო არაფერი შეუმჩნევია სახლი დაკეტილი იყო... ღამით მთელი სპეცრაზმი იქნა მობილიზებული და ცეცხლგამჩენი ყუმბარები დაუშინეს კვარაცხელიას სახლს... შეშინებული სოფელი (მოგეხსენებათ რა საშინელი დროა 1993 წელი), მთლიანად აიყარა, რადგან ეგონათ ჩვენს სახლებსაც გაანადგურებენო და ღამის სიბნელეში ტყეს შეაფარეს თავი... კვარაცხელიას სახლი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. გამთენიისას როცა ყველაფერი დასრულდა და შეშინებული სოფლელები ფეხაკრებით ჩამოვიდნენ ტყიდან. დამწვარი სახლიდან აღარაფერი იყო დარჩენილი, ნაკვერჩხლებში კი ორი დამწვარი გვამი ბოლავდა, ერთს სახედრო დაფოთლილი ქურთუკი ეცვა (ეს გოგაძე იყო) და მეორეს სხეულზე მიმდნარი ჰქონდა წითელი ძაფები. (სწორედ ვაჟა ჭინჭარაულს აჩუქა წითელი პულოვერი ზაზა ბურჯანაძემ)... 

 

სოფლის ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ იყვნენ დაღუპულები, მოგეხსენებათ რა გაჭირვება იყო,კუბოს ვინ გაუკეთებდა. იქვე მეზობელს ძველი მაცივარი ედგა ეზოში იმაში ჩადეს ცხედრები და იქვე მდინარის პირას დაკრძალეს... ამ მხრივ მართალია დაჟანგული მაცივარი იყო,მაგრამ მრავალი წელი შეინახა ცხედრები, რომელიც მოგვიანებით საპარლამენტო კომისიამ, პროკურატურასთან ერთად ამოიღო და ცხედრები გადატანილ იქნა სამხარაულის კლინიკაში... დღემდე მრჩება კითხვა რას წარმოადგენდნენ ეს ორი ახალგაზრდა, რომ შევარდნაძის ხუნტას ამხელა სპეც ოპერაცია განეხორციელებინა?

 

 ვფიქრობ ოდესმე ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი..."

პრეზიდენტის დაცვის ბიჭებს კი გადაწყვეტილი აქვთ ულურიაში,სიმბოლური მემორიალური ჯვარი დაუდგან დაღუპულებს და დიდი სურვილი მაქვს მეც დავესწრო...აი ასე შეეწირნენ ეროვნულ იდეებს და პირველ პრეზიდენტს საქართველოს ერთგული ჯარისკაცები! ნაკიფუ-ულურიას შემდეგ კი ახალი გოლგოთა იგეგმებოდა ხიბულა-ჯიხაშკარში...




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner