logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი კურორტ თეთნულდის განვითარებაზე: თეთნულდი შეიძენს იმ პოტენციალს, რაც მას აქვს და ნამდვილად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სრიალის მოყვარულებისთვის
- +

7 თებერვალი. 2024. 11:44

 

 

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს ლევან დავითაშვილსა და ირაკლი ქარსელაძეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა რამდენიმე კითხვით მიმართა. პირველი კითხვა ეხებოდა კურორტ თეთნულდის განვითარებას, რასთან დაკავშირებითაც სუბარმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს დაუსვა კითხვა.

 

„მთის კურორტების განვითარებაზე ილაპარაკეთ და მინდოდა თეთნულდის სათხილამურო კურორტთან დაკავშირებით დამესვა კითხვა: 2016 წელს გაიხსნა თეთნულდზე პირველი საბაგირო და სათხილამურო ტრასა. მას შემდეგ, ამდენი წელი გავიდა და კურორტის განვითარება პრაქტიკულად გაჩერებულია. თითქმის ერთი საათი სჭირდება მანქანით სათხილამურო ტრასამდე მიღწევას, რაც ამ კურორტს მთელ ეშხს უკარგავს. თუ გვინდა, რომ თეთნულდმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს, საჭიროა საბაგიროსა და შესაბამისი სათხილამურო ტრასის აშენება დღეს არსებული საბაგიროდან სოფელ მულახამდე. ამით, ჯერ ერთი, სათხილამურო ტრასა 9.5 კილომეტრამდე დაგრძელდება და ყველაზე გრძელი ტრასა იქნება საქართველოში და მეორე - კურორტზე მისვლა ძალიან გაადვილდება და დაჩქარდება. ამით თეთნულდი შეიძენს იმ პოტენციალს, რაც მას აქვს და ნამდვილად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სრიალის მოყვარულებისთვის.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წლის სეზონზე უკვე მზად იქნება.

 

„ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, ამ წლის სეზონზე იქნება მზად და ჯამში 6 კმ-იანი არეალი მესტიის ცენტრს ჰაწვალთან დააკავშირებს. რაც შეეხება თეთნულდთან დაკავშირებულ კითხვას, ამ საკითხზე მიდის მუშაობა. უნდა ჩავატაროთ დეტალური კვლევა, იმიტომ, რომ ბევრი ტექნიკური გამოწვევა გამოჩნდა. მე მქონდა საუბარი საბაგირო გზების მშენებარე კომპანიასთან, თუმცა თვისობრივად პროექტი რეგიონს შეცვლის და თქვენი ჩართულებით, შეიძლება სხვადასხვა ვარიანტზე ვიმუშაოთ, რომელიც სვანეთის ამ პოტენციალს გაზრდის.“ - განაცხადა დავითაშვილმა დეპუტატის პასუხად.

 

მეორე კითხვა სოზარ სუბარმა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს დაუსვა ჭუბერის გზასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, მაგრამ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კალკულაცია არის საჭირო ტენდერის გამოსაცხადებლად.

 

„ისევ ჩემი სოფლის, ჭუბერის გზაზე უნდა ვილაპარაკო და არა იმიტომ, რომ ეს ჩემი სოფელია, არამედის, ჯერ ერთი, სწორედ ჭუბერზე გადის კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი გზა. მეორეც, ესაა სოფელი, სადაც 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ და ამ დროს სოფელს ამდენი წელია, გზა არა აქვს. მართალია, საქმე მკვდარი წერტილიდან თითქოს დაიძრა, მაგრამ უკვე მეოთხედ გამოცხადდა ტენდერი და დღემდე არ გამოჩნდა კომპანია, ვისაც ამ გზის გაკეთების სურვილი ექნება. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი რომ რაღაც პრობლემაა - სავარაუდოდ, პროექტის ღირებულება ხელახლა უნდა შეფასდეს, რომ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეთ,“ - განაცხადა სუბარმა.

 

ამის საპასუხოდ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მოცემული გზის გაკეთება ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტის ვალდებულება იყო, თუმცა ამ პროცესის გაჭიანურების გამო, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის განხორციელება.

 

„ვინაიდან ამ პროექტზე მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდით, ჭუბერის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ გზას სახელმწიფო ააშენებს. კარგად გვახსოვს ის მძიმე დღეები, 2018 წლის სტიქიის დროს რომ გამოვიარეთ. დღეისათვის მიზეზები უკვე გაანალიზდა, თუ რატომ არ შემოვიდნენ კომპანიები ტენდერში და შესაბამისი დასკვნები, მათ შორის შესაბამისი გადაფასება განხორციელებულია. სწორედ ასეთი გადაფასებული ხარჯთაღრიცხვა არის წარდგენილი და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის განხორციელება მალე დაიწყება.“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner