„ეს არ არის არანაირი პლატფორმა, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „მომავლის ქარტიის“ შექმნის შესახებ.
„ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა. ეს იყო რაღაც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან ერთგვარად დააანონსა, თუმცა, ამ ქმედებებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით. ეს არ არის არანაირი პლატფორმა, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.