logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად
- +

7 თებერვალი. 2024. 13:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ხელი არ მოეცარათ

 

მანვე აღნიშნა, რომ მათ არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა შედგება.

 

„საქართველოს პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დევალვირდება. ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერების გუშინდელ შეფასებებს, როგორც ბატონი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ისე სხვების პოზიციას. მორიგი ცდაა, ფსევდოშუაშისტური რაღაც ძალა შეიქმნას. არაერთხელ მითქვამს, რომ მათემატიკაში ორჯერ ორი არის ოთხი და ამათ შემთხვევაში, ორჯერ ორი ნულდება. რა თქმა უნდა, ეს პარადოქსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა. სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოწვევით დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა მინისტრის თანამდებობაზე, პირველ ქალ პრეზიდენტად არჩეულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ და არა მათ მიერ, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან ორბელიანების სასახლეში უნდა გადაინაცვლოს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ყველას ერთად ხელი არ მოეცარა. ახლა ფიქრობენ, რომ მათი ძალა ერთობაშია. არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა გამოვა. რა თქმა უნდა, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

ბექა ოდიშარიას თქმითვე, პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ხუთ წუთში განაცხადა, რომ მისი პარტია მზად არის, შეუერთდეს. ოდიშარიას შეფასებით, ეს გარკვეულ ძალებს შორის შეთანხმებას ჰგავს.

 

„იყო წამოცდენები, ზოგიერთმა ადამიანმა მთელი პარტიის სახელით განაცხადა, რომ მზად არიან, ჩაერთონ პროცესში. როგორ შეიძლება, პარლამენტის ერთი წევრი მზად იყოს, ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე ხუთ წუთში თქვას, რომ მზად არის, შეუერთდეს და მთელი პარტიის სახელით ლაპარაკობდეს. ეს გარკვეულ ძალებს შორის შეთანხმებას ჰგავს. დანარჩენები, ვითომ ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ხალხი არის კოალიციაში ერთმანეთთან, მჭიდრო თანამშრომლობაში არიან და უბრალოდ, პოზიციონირებენ, ვითომ „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან, ვიდრე პარლამენტში ოთხ-ოთხი კაცით არ შევლენ. მაინტერესებს, თუ „ქართულ ოცნებასთან“ აცხადებენ აბსოლუტურ მიუღებლობას, კოალიციას ვისთან შექმნიან? ოთხ-ოთხი შექმნის კოალიციას? „ლელო“ და გახარიას პარტია და მთავრობას დააკომპლექტებენ? არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არსებობს „ქართული ოცნება“, მმართველი გუნდი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს საზოგადოების მხარდაჭერით. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. სინამდვილეში ხდება შემდეგნაირად – დეკლარირებულად, ტელეეთერებში ემიჯნებიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთმა ლიდერმა მათ პირდაპირ წამოაძახა, როგორ გვემიჯნები, როცა ბევრ საკრებულოში ჩვენთან კოალიციაში ხართ, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ თქვენი პარტიის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეები ყოფილიყვნენ. დღესავით ნათელია, თეთრი ლამპით ნაქარგია ეს ამბავი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner