გარემოს ეროვნული სააგენტო ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ. 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.