logo_geo
eng_logo
საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდა
- +

7 თებერვალი. 2024. 21:34

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და მის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდა.

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გააცნო.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, სამთავრობო პროგრამა ათთვიან პერიოდს მოიცავს.

 


მისი განცხადებით, ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია და ეკონომიკის ზრდას და წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.

 

 

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას და კომუნიკაციებს. პირველ რიგში, საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ- აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება და განხორციელება.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება.

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას მიიღებს; წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ მიმდინარე წლის ბოლოს 365 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 ათასს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე; აქტიურად გაგრძელდება გაზიფიკაციის პროცესი და მუშაობა ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად.

 

 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და მთავრობა იზრუნებს სოფლის მეურნეობისთვის არსებული ბაზრების გაფართოებაზე.

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება გარემოს დაცვა. კერძოდ, გაგრძელდება გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია, მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება და ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოება, ასევე, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება.

 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მთავრობის ზრუნვის განსაკუთრებული საგანი იქნება და ამ კუთხით გაგრძელდება რეგიონებში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაგრძელდება სპორტის სფეროს მხარდაჭერა და სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა.
მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. ასევე, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა.
ამავდროულად, უცხოეთის წამყვან კლინიკებთან ქართველი ექიმების თანამშრომლობის ხელშეწყობით, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები დაინერგება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.

 

 

გაგრძელდება აქტიური მუშაობა გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში დასახული თავდაცვის მიზნების მისაღწევად. ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ჯარის აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება, ჩატარდება ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებები, ამოქმედდება რეზერვისა და მობილიზაციის მდგრადი სისტემა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აქტიურად მიმართული იქნება ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე.

 

 

რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების - „ლელოს” და „საქართველოსთვის” დეპუტატები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner