ვინ იქნება ამა თუ იმ სამხედრო თანამდებობაზე, ეს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
„უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ამა თუ იმ სამხედრო თანამდებობაზე. ეს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა. არჩეულმა ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს. შემიძლია ვთქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მთავრობის და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა მათ მიაღწიონ პროგრესს. თუმცა პერსონალიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლება უკრაინელებს უნდა დავუტოვოთ. ეს ვაშინგტონის ან ბრიუსელის გადასაწყვეტი არაა“, - აღნიშნა სალივანმა.
არსებული ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა.