"ჩვენ თავიდანვე ღია კარით შევხვდით ყველას, ოპოზიციასაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომ ყოფილიყვნენ [ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების] პროცესის მონაწილეები, "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დიდია და ძალიან რთულია მოძებნო სწორი მექანიზმი, როგორ ჩართო ისინი ამ პროცესში. ამიტომ ყველაზე სწორი ფორმა იყო ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან ამ პლატფორმაში, გვქონოდა თანამშრომლობა. სამართლიანიც არის ეს ფორმა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირზე და ადარდებთ ევროკავშირი, ამ პროცესებში ჩაერთონ. თუმცა ვხედავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაშიც ერთგვარი პოლარიზება მოხდა, გაემიჯნნენ ერთმანეთს. მიზანი იგივეა, რომ პროცესი დაზიანდეს. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ, რიტორიკასაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენს პარტნიორებში ასე ვთქვათ ცნობიერებაც აიწია - ვის რა სურდა აღარ დაიმალა. სხვა სერიოზულობით და ურთიერთობებით ვაგრძელებთ ამ ნაბიჯებს ევროკავშირთან მიმართებით. მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პოზიციები აბსოლუტური შეიცვლება, თუმცა მაინც მოველი, რომ ეს არის ის პროცესი, რომელიც პოზიტიურ გავლენას უნდა ახდენდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არა პირიქით, როგორც ისინი ცდილობენ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.