logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი, რომლის მაქსიმალურად ათვისება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება
- +

8 თებერვალი. 2024. 12:37

 

 

საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი, რომლის მაქსიმალურად ათვისება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

 

მისი თქმით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით.

 

„გარდა ამისა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები 45 ქვეყანასთან - მათ შორის ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან. წელს ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. მოლაპარაკებები გაიხსნება აზიის კიდევ ერთ უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზართან, სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ ისრაელთან. ეს გარემოება ქმნის სერიოზულ შესაძლებლობებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით - იქნება ეს საავტომობილო გზები, რკინიგზა, ნავსადგურები, ავიაცია თუ კომუნიკაციები“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner