logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გამორჩეულ პროფესიონალს, ბატონ ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება
- +

8 თებერვალი. 2024. 12:43

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ბატონ ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამას წარდგენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

„სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა თვისებრივად დამოკიდებული როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ისე ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ბატონ ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება.

 

როგორც მოგეხსენებათ, გასული 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. 2021 და 2022 წლებში ორნიშნა, ხოლო შარშან - 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ქვეყნის საგარეო ვალის 60,2%-დან 39,5%-მდე შემცირების, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის 9,3%-დან 2,5%-მდე შემცირების შესაძლებლობა. 5 პროცენტს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასევე, 1%-ზე ნაკლებია ბოლო 8 თვის ინფლაციის მაჩვენებელი. მომავალშიც, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სათანადო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, უზრუნველვყოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება.

 

საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი, რომლის მაქსიმალურად ათვისება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება. გარდა ამისა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები 45 ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner