„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის განვითარებას. შარშან ტურიზმიდან ქვეყანამ 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 26 პროცენტით გადააჭარბა. არსებული ტენდენციის შენარჩუნებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ტურიზმის განვითარება მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად დარჩება“, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქვეყანას ჭირდება ძლიერი ქართული სოფელი. ამ მიზნით და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად, სოფლის მეურნეობის განვითარებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. გაგრძელდება ძალისხმევა იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე. სახელმწიფო კვლავაც ხელს შეუწყობს მემცენარეობის, მეცხოველეობის, აკვაკულტურის, ბიოწარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემების განვითარებას. გაგრძელდება მუშაობა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის როგორც არსებული ბაზრების გაფართოებაზე, ისე ახალი ბაზრების მოძიებაზე.
დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში განვითარებულმა სტიქიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად პრიორიტეტულია გარემოს დაცვაზე და ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირებაზე ზრუნვა გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში. ამ მიზნით, მთავრობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას, გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემები, გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემები, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება, დაარსდება ახალი და გაფართოვდება მთელი რიგი არსებული დაცული ტერიტორიები. გაგრძელდება აქტიური მუშაობა, რათა ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვა განხორციელდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. კვლავაც განხორციელდება მასშტაბური ინვესტიციები რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის, წელს დასრულდება განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზა. გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებული მხარდაჭერა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებას და ახალგაზრდობის საკითხებს.
გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება. ამჟამად მიმდინარეობს და ბოლომდე იქნება მიყვანილი 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგახსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. მიმდინარეობს მუშაობა და წელს დამტკიცდება განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც დაეფუძნება შემდეგ ძირითად საფუძვლებს: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები. თვისებრივად განახლდება ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოები, ყველა არაქართულ სკოლაში დაინერგება ორენოვანი განათლება, მიღებული იქნება ზომები სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება მეცნიერების მხარდაჭერა და ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მეცნიერების პრიორიტეტული დაფინანსება“, - აღნიშნა კობახიძემ.