logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით
- +

8 თებერვალი. 2024. 12:49

 

 

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

 

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით - იქნება ეს საავტომობილო გზები, რკინიგზა, ნავსადგურები, ავიაცია თუ კომუნიკაციები:

 

- დასრულდება რიკოთის „საუკუნის პროექტი“ და აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. გარდამტეხ და დასკვნით ეტაპზეა ბათუმის შემოვლითი გზის, კახეთის მაგისტრალის, ქვეშეთი-კობის პროექტები.აქტიურად განახლდება და დაიწყება ხულო-ზარზმის გზის, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის და სხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთების მშენებლობა. ჯამურად, 2024 წელს გაიხსნება 90 კილომეტრი მაგისტრალური გზა, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში აშენდება იმაზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეძლო;

 

- 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები. გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების განსავითარებლად;

 

- გაგრძელდება აქტიური მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, რომელიც უნდა გახდეს სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სატვირთო და სამგზავრო ტერმინალებით. ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, თბილისს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია, აგრეთვე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობის დაწყება. გარდა ამისა, შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობადა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა;

 

- მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისკენ. ამ მიზნით, წელს შეირჩევა შესაბამისი კომპანია და დაუყოვნებლივ დაიწყება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაშიც სახელმწიფო თავადაც მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს.ამავდროულად, მთავრობა იზრუნებს სხვა პორტების, განსაკუთრებით, ფოთის პორტის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე;

 

- გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე.

 

ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის, საკვანძო მნიშვნელობა ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას ენიჭება. გაგრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. 2030 წლისთვის, ელექტროენერგიის ადგილობრივმა წარმოებამ ელექტროენერგიის ადგილობრივ მოხმარებას უნდა გადააჭარბოს, რისთვისაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა აუცილებელი. ამ მიზნით, მთავრობა აქტიურად იმუშავებს როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. გაგრძელდება მიმდინარე პროექტები და 2024 წელს 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება, რის შედეგადაც სისტემას ყოველწლიურად დამატებით 700 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეემატება. პარალელურად, გაგრძელდება ენერგეტიკული პროექტების განვითარება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე, დღეის მდგომარეობით, 3000 მეგავატზე მეტია.გარდა ამისა, მომდევნო წლებში დაგეგმილია დამატებით 1000 კილომეტრზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება, რაც გააძლიერებს ელექტროენერგეტიკულ კავშირს როგორც ქვეყნის შიგნით,ისე მეზობელ სახელმწიფოებთან.

 

გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებში 1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვან ინტერნეტზე მიიღებს წვდომას.

 

გაგრძელდება წყალმომარაგების მასშტაბური პროგრამა, რომლის საფუძველზე 2025 წლის ბოლომდე უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა ქალაქი. უკვე 2024 წლის ბოლოსთვის, ჯამში 365 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 ათასს ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე წვდომა არასოდეს ჰქონია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, 2030 წლისთვის სტანდარტების შესაბამის წყალზე წვდომა ჰქონდეს მოსახლეობის 100 პროცენტს. ამ ამოცანის შესრულებაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

 

ასევე, აქტიურად გაგრძელდება სოფლების გაზიფიკაციის პროცესი.2024 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი დამატებით 134 დასახლებული პუნქტისათვის აშენდება.

 

უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის შემდგომი განვითარება. ასევე, ვიზრუნებთ ქართულ ეკონომიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევებისა და განვითარების მიმართულების მნიშვნელოვან გაძლიერებაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner