logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გაგრძელდება კრიმინალური, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, პოლიციის საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერება
- +

8 თებერვალი. 2024. 13:04

 

 

მთავრობა იზრუნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და პოლიციელის სათანადოდ დაფასებაზე. გაგრძელდება კრიმინალური, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, პოლიციის საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერება, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულთან აქტიური ბრძოლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამას წარდგენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 13 იუსტიციის სახლი შენდება.

 

გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ვხედავდით კოორდინირებულ ძალისხმევას, რომელიც პოლიციის რეპუტაციისთვის ჩრდილის მიყენებისკენ იყო მიმართული. გმირმა პოლიციელებმა ყველაზე უკეთ თავად დაიცვეს პოლიციის ღირსება და დაამტკიცეს, რომ გმირობა და ჰუმანურობა არის ის, რაც ქართველ პოლიციელს ერთდროულად გამოარჩევს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიციელები სათანადოდ დავაფასოთ, ვიზრუნებთ მათი სამსახურის პირობებისა და სოციალური გარანტიების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

 

ასევე, ძალისხმევას მივმართავთ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. მადლობა მინდა გადავუხადო ამ სტრუქტურების თანამშრომლებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

 

ჰუმანური სასჯელაღსრულების სისტემა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. სამომავლოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებას, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას, პატიმრების რესოციალიზაციას, მათ სწავლებას და საპატიმროებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გარდა ამისა, გაგრძელდება ზრუნვა სისტემის თანამშრომლების სამსახურის პირობებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.

 

ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი მომსახურების - მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისების შემდგომ დახვეწას. გაგრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა. ამჟამად შენდება 13 იუსტიციის სახლი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხოლო 20 მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ქვეყნის სრულ ტერიტორიას.

 

გაგრძელდება ზრუნვა საჯარო სამსახურის სისტემის მუდმივ დახვეწაზე, საჯარო მოხელეთა სამსახურის პირობების შემდგომ გაუმჯობესებასა და მათი ხელფასების ეტაპობრივ ზრდაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. სწორედ მათ ყოველდღიურ შრომაზეა დიდწილად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და წინსვლა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner