“საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მის თქმით, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მოუწევდა დაპირისპირება არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ, აფხაზებთან და ოსებთან, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა.
"ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა აღარასდროს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არა აქვს." - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.
"კვლავაც აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული წარმატებული არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისკენ, ისევე, როგორც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისკენ, რომლის მიზანია, კონფლიქტის მოგვარებამდე მოამზადოს საფუძველი, ომით ხელოვნურად დაშორებულ ადამიანებს შორის ნდობის და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად, ერთიან, ქართულ სახელმწიფოში." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.