2016 წლის 13 სექტემბერს, პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე, რომელიც ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.
ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.
დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურატურა გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.