„ასოცირების ხელშეკრულების 27 დირექტივიდან, 20 უკვე გადმოტანილი გვაქვს, ეროვნული კანონმდებლობა ამ კუთხით ჰარმონიზებულია. მიმდინარეობს შემდგომი დახვეწის პროცესი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.
მისივე თქმით, საქართველომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე.
მაია ბითაძემ გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარემოს დაცვის თანმიმდევრული აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს.
„შექმნილია გარემოს მართვისა და რეგულირების, მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმები, რომლებსაც დახვეწა და გაფართოება სჭირდება. 2012 წლამდე გარემოს დაცვითი 5 ინსპექტორი გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 900-ია. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე სრულიად განადგურებული იყო მონიტორინგის სისტემა, დღეს გვაქვს დაკვირვებისა და შეფასების 200-მდე ინსტრუმენტული საშუალება. ქვეყანას უკვე აქვს ორი მეტეორადარი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 75%-ით გაიზარდა, შექმნილია ბოლო პერიოდში 32 ახალი დაცული ტერიტორია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.