„ფაქტია, რომ ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერას. ბატონო ირაკლი, პატივცემულო მინისტრებო, რა თქმა უნდა, წარმატება მინდა გისურვოთ!“ - ამ სიტყვებით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის წევრებს.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა და სამოქმედო გეგმა პასუხისმგებლობიანი გუნდის მიერაა შექმნილი და სრულად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, ასევე, ცალსახად მორგებულია საქართველოს მოქალაქეების მოლოდინზე და ითვალისწინებს ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და ევროპულ ოჯახში თანაარსებობის ყველას შესაძლებლობას.
„ჩვენ მოვისმინეთ არა პოსტულატები, არამედ გააზრებული და დათვლილი, ყოველმხრივ გადამოწმებულ მოქმედებათა სტრატეგია და უმცირეს ნიუანსებამდე გაშლილი დეტალები, რომლის განხორციელებითაც მიღწეული იქნება უმთავრესი შედეგი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს, მთავრობის წევრების მიერ წარდგენილი იყო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები, პროექტები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა და საზოგადოებამ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები, რომლისკენაც მიმართულია მთავრობის საქმიანობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.