ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ როლზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა აკადემიური წრეების და დარგის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობას ტრანსფორმაციის პროცესში.
კონფერენციაში იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ