"რა დაემართა ოპოზიციას - მაშინ, როდესაც ერთი მხრივ „ქართულ ოცნებაში“ ასე გადალაგდა ამბები, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, საპატიო თავმჯდომარე გახდა ჩვენი პარტიის, ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატია და ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, მათ ამის საპირისპიროდ ის მოიფიქრეს, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდა კონსტრუქციული, ცხვრის ქურქში გაეხვია და ლეღვის ფოთლად აიფარა გახარიების და „ლელოს“ კრებული, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიაგნოზი უნდა დასვა ჯერ სწორი. უნდა აღიქვა, რა ხდება სხვაგან, შენთან და ამის შემდეგ დაგეგმო პრევენცია, მკურნალობა და ა.შ. ესენი დიაგნოზს ვერ სვამენ. მაგრამ ხუმრობის დროს ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ბოროტებას გვაჩეჩებენ ხელში ქართველ ხალხს და ცდილობენ, რომ სხვანაირად შეფუთონ, როგორც მათ სჩვევიათ, მოდელირებული რეალობა შემოგვთავაზონ.
და ამ დროს, როდესაც ისინი კოალიციურ მმართველობაზე ლაპარაკობენ და ამას ერთადერთ თეორიულ შანსად იტოვებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის არცერთ მოქალაქეს, რომ კოალიციურ მმართველობაში თავისთავად იგულისხმება დომინანტი „ნაციონალური მოძრაობა“ და იმ ბნელი წარსულის დაბრუნება საქართველოში, რასაც ისინი წარმოადგენენ ამ პარლამენტში, ამ ქვეყანაში და ა.შ., რასაც არ დაუშვებს ქართველი ხალხი ჩვენი პარტიის დამფუძნებლით დაწყებული, ჩვენი პარტიის რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული და მოქალაქემდე, რომელიც ოდნავ ობიექტურად მაინც ფიქრობს.
ზუსტად ეს იყო „კობახიძის ეფექტი“ პრემიერობამდე“, - განაცხადა მდინარაძემ.