"ირაკლი კობახიძე გახდება პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი საპარლამენტო გამოცდილება და საპარლამენტო ქვეყანაში ეს ერთიორად კარგი ამბავია," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე არის მოქმედი კონსტიტუციის ავტორი, რომელიც არის თანამედროვე, ევროპული დონის კონსტიტუცია.
„მრავალწლიანი და ეს უბრალოდ საპარლამენტო გამოცდილება კი არაა, მისი აქაური დანიშნულების შესახებ ალბათ, ბევრს არ ვილაპარაკებ, მას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლის და ამ ყველაფრის გაძლიერების თვალსაზრისით. ის არის მოქმედი კონსტიტუციის ავტორი, რომელმაც ეს ყველაფერი უზრუნველყო, გამორიცხა ავტოკრატია და ა.შ. კონსტიტუციის ქებას აღარ დავიწყებ, ალბათ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის თანამედროვე, ევროპული დონის კონსტიტუცია, რომელიც მისი ავტორობით შედგა. ასევე ერთიორად მისასალმებელია ის ამბავი, რომ წარმოდგენილმა კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. სიტყვების თამაშით რაღაცებს იწუნებდნენ აქ, მაგრამ ოცნებაც ეს არის, ეროვნული ინტერესის გამოწვევაც, პრიორიტეტიც და ყველაფერი, რაც კი შეიძლება დავარქვათ იმას, რაც არის მთავარი მიზანი. ასევე, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი, ეროვნული გამოწვევა და ა.შ. არის სიღარიბის დაძლევა. 0 პროცენტი ოკუპაცია და 0 პროცენტი სიღარიბე, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და ამას მივაღწევთ, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.