პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს. პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რეიტინგების მიხედვით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.
„კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები და ამ რეიტინგების მიხედვით ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამბიციური - არავისზე ნაკლები არ უნდა ვიყოთ, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მთავარია, მთავრობაში არის სრული ინტერესი, რომ კორუფციის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, კორუფციის შემთხვევაში ვინმეს ხელი დავაფაროთ, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ.
ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებს გავეჯიბროთ. არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ნების პირობებში ყველაფერი შესაძლებელია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.