კანადის პოლიტიკური კონსენსუსი უკრაინის მხარდაჭერის ირგვლივ სუსტდება, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კონსერვატიულ ამომრჩევლებს შორის გაიზარდა წინააღმდეგობა უკრაინის დასახმარებლად ფულის გამოყენების მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მისი მთავარი კონკურენტი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, პიერ პუალიევი უკრაინის დახმარების საქმის მიტოვებაში დაადანაშაულა. ტრუდოს ლიბერალური პარტია აცხადებს, რომ კონსერვატიული პარტია მიჰყვება ულტრამემარჯვენე ამერიკელ პოლიტიკოსებს და ზურგს აქცევს უკრაინას.
პუალიევი და მისი პარტიის სხვა მაღალი რანგის წევრები აცხადებენ, რომ კვლავ უჭერენ მხარს უკრაინას მის ბრძოლაში, ხოლო თავად პუალიევმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უწოდა "ბოროტი დიქტატორი, რომელიც შეიჭრა უდანაშაულო ქვეყანაში".
"ოპოზიციის ლიდერი ირჩევს არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, უკრაინელებსა და უკრაინელ კანადელებს", - აღნიშნა ტრუდომ მიმდინარე კვირაში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანადელების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მცირდება. Angus Reid Institute-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელების 25% ახლა ამბობს, რომ კანადა „ზედმეტად დიდ მხარდაჭერას“ სთავაზობს უკრაინას - 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 13% იყო. ეს ზრდა ძირითადად კონცენტრირებულია კონსერვატიულ ამომრჩევლებში.