მოქმედი ხელისუფლების მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა. მან ირაკლი კობახიძეს და მინისტრობის თითოეულ კანდიდატს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნება და ამ შესაძლებლობას საზოგადოება არჩევნების გზით მისცემს.
დიმიტრი ხუნდაძემ გაავლო პარალელი ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს ცოდნით, კომპეტენციით და სამშობლოს სიყვარულით.
„11 წელია „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და მიღწეული აქვს მთავარი ამ ურთულეს ვითარებაში - მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა, რეალური სუვერენიტეტი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის წინსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი არის წესრიგში და მისაღწევი არაფერია. რა თქმა უნდა, ბევრია სამუშაო, თუმცა, მთავარი, რა თქმა უნდა, არის დეოკუპაცია და ჩვენი მიზნის მისაღწევად უმთავრესი საზრუნავი სწორედ ეს იქნება.
9 წელი იყო ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა - მშვიდობა ვერ უზრუნველყო, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, საქართველო ყალიბდებოდა როგორც მეორადი, ცალ ფეხზე მდგომი სხვის ინტერესებზე დამოკიდებული ქვეყანა. ამათთვის ამერიკული კანონი რუსულია, მაგრამ „დროას“ რუსული ხელფასი არ არის რუსული, ანუ მათთვის ისევ მოქმედებს ის, რომ ფულს სუნი არ აქვს.
რატომ შეძლო ამ გუნდმა უფრო მეტი წარმატება, რაც ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ (ისე ჯობდა ის რაც შეძლო, ისიც არ გაეკეთებინა) , ეს იმიტომ, რომ ეს გუნდი გამოირჩევა ცოდნით, კომპეტენციით და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულით. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მთავრობაში არ არის ჯანდაცვის ისეთი მინისტრი, რომელიც ყოველ მესამე მოქალაქეს სიკვდილს დაუანონსებს; მაგალითად ამ გუნდში არ არის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცის ძარცვით მილიარდერი გახდება; ამ გუნდში არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ორ გვამს ითხოვს, თანაც კატეგორიულად; ამ გუნდში არ არის იუსტიციის მინისტრი, რომელიც წესრიგს პატიმართა წამებით ამყარებს; იმიტომ, რომ ამ გუნდში არ არის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც დედალი და მამალი ძროხის ჩამოყვანას აანონსებს და ქართული ბაყაყებისა და ქართული ნიანგების მოშენებით იწონებს თავს; ამ გუნდში არ არის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც პურის ცხობით გამოირჩევა და ასე ცდილობს ეკონომიკა გამოაცხოს.
მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი, რა თქმა უნდა, კომპეტენციის წყალობით განსხვავებულ შედეგს დებს და ეს შედეგი არის სახეზე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.