შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შს მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფის მიზნით შემუშავდა.
ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.
ბრძანების მიზანია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები.
ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.
შს მინისტრის ბრძანება ძალაში უკევ შევიდა.