14 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ალბომის „ქართული ხატები" პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, წიგნის ავტორი ნანა ბურჭულაძე და გამომცემელი გია ქარჩხაძე გაუძღვებიან.
„ქართული ხატები" 428-გვერდიანი, ილუსტრირებული, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი-ალბომია, რომელშიც წარმოდგენილია შუა საუკუნეების, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის შექმნილ-შეწირული ორასამდე ქართული ხატი. აღნიშნული ხატები ამჟამად თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული.
წიგნში სრულადაა განხილული ქართული ხატწერა; თხრობას თან ერთვის ვიზუალური მასალა, რომელიც სპეციალურად ალბომისთვისაა გადაღებული; ქართული ტექსტის პარალელურად, ალბომს თან ახლავს ინგლისურენოვანი მოკლე ანოტაციები. წიგნი განკუთვნილია ფართო აუდიტორისათვის - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
პროექტის მიზანია, გააცნოს ფართო აუდიტორიას ინფორმაცია ქართული კულტურული მემკვიდროების ამ უნიკალური და უმნიშვნელოვანესი სფეროს შესახებ.
პროექტი „ქართული ხატები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ქარჩხაძის გამომცემლობის" ორგანიზებით განხორციელდა.