„არასამთავრობოები რომ არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, ეს დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
პაპუაშვილის თქმით, დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას.
„ცხადია, არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს განუცდიათ დევნა მათი საქმიანობის გამო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ანგარიშვალდებულად არც ფართო სამოქალაქო საზოგადოების და არც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე. ის, რომ ზოგიერთმა მათგანმა „ეროვნული პლატფორმა“ დატოვა, ამგვარი უპასუხისმგებლობის კარგი მაგალითია, ვინაიდან პარლამენტმაც და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც მათი გადაწყვეტილების შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყვეს, მაშინ, როცა დონორებმა ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას უბრალო დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.