„ოპოზიციის ტანჯვას, როგორმე შექმნან “მესამე ძალა” ქვეყანაში, საზღვარი აღარ აქვს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტის და მისი ოპოზიციის მცდელობა, როგორმე ხელოვნურად შექმნან “მესამე ძალა”, ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება.
„ოპოზიციის ტანჯვას, როგორმე შექმნან “მესამე ძალა” ქვეყანაში, საზღვარი აღარ აქვს. “ლელოს”, გვარამიას და კიდევ სხვების მცდელობა იმდენად ღიმილის მომგვრელია უკვე, რომ მათ პოლიტიკურ უტიფრობასაც სცდება. როგორც ჩანს, კარგად არ განუმარტეს უცხოეთიდან, რას ნიშნავს “მესამე ძალა” და რა შემთხვევაში იქმნება ის ქვეყანაში.
“მესამე ძალა” ბუნებრივად უნდა იბადებოდეს ქვეყანაში განსხვავებული იდეის ირგვლივ და არა ისე, როგორც ოპოზიცია ჯახირობს. ეს უმთავრესად არის იდეა და შემდეგ ხმების რაოდენობა არჩევნებში. სწორედ იდეას მოაქვს ხმები. ოღონდ, ეს იდეა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს სახელისუფლებო და მეორე ადგილზე მდგომი პარტიების პოლიტიკური იდეისგანაც და იდეოლოგიისგანაც.
ოპოზიციის შემთხვევაში, შეუძლებელია ერთმანეთისგან ვინმემ გამიჯნოს მათი იდეაც და იდეოლოგიაც, ამას თავადაც არ მალავენ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ “მესამე ძალად”? ისინი მხოლოდ ერთი იდეის „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ირგვლივ შემოკრებილ ელექტორატს იყოფენ.
ამიტომ, პრეზიდენტის და მისი ოპოზიციის მცდელობა, როგორმე ხელოვნურად შექმნან “მესამე ძალა”, ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. რაც შეეხება, იმ 40 პროცენტს, რომელსაც ებღაუჭებიან გადასაბირებლად, ეს ყველაზე პრეტენზიული ამომრჩეველია, რომელსაც ვერანაირი მცდელობით გარეთ ვერ გამოიყვან, გარდა ღირებული ეროვნული იდეისა, რაც მათ არა აქვთ და არც არასოდეს ექნებათ. ამიტომ, წინასწარ წაგებულ თამაშში ვინ რომელ სახელს დაირქმევს და რომელ ადგილზე გავა, აზრი არა აქვს.
ისე, რჩევისთვის, “მესამე ძალის” სტატუსის ძიებაში ის მეორე ადგილიც არ დაკარგოს ოპოზიციამ, რაც ჯერჯერობით აქვს „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ჯერჯერობით…”- წერს ჩიბურდანიძე.