logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონენი, რომელთაც ყველა უნარ-ჩვევა გააჩნიათ იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღონ
- +

9 თებერვალი. 2024. 20:06

 

 

„მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მსგავს მაღალი დონის პოლიტიკურ პირებს იმსახურებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრმა „ქართული ოცნების“ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დაახასიათა და აღნიშნა, რომ მათ ფონზე რადიკალური ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ტანდემი ძალიან სუსტად გამოიყურება.

 

„ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაც გააჩნიათ ღირსება, პატიოსნება და აბსოლუტურად ყველა უნარ-ჩვევა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვან. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ასეთ პოლიტიკურ პირებს იმსახურებს. მაგალითად მინდა მოვიყვანო ირაკლი კობახიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან არის და ახლა ის ქვეყნის პრემიერი გახდა. ძალიან რთულია ირაკლი კობახიძეს ესაუბრო, რადგან ის არის მართლა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფიგურა, მაღალი რანგის პოლიტიკოსი და მას აქვს ბევრი შემხვედრი, დამაზუსტებელი კითხვა. ის ყოველთვის მზად არის პოლიტიკური, ჯანსაღი პაექრობისთვის. ამისთვის კი მზად არ არის ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციური სპექტრი მზად არის მხოლოდ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივებს გაჰყვეს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილის სახით გვესაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ არა - ქართველი ხალხის პრეზიდენტი. ის აბსოლუტურად აცდენილია ქართულ რეალობას, მას აღარ ესმის ქართული სახელმწიფოს მართვის პრინციპები, მას აღარ ესმის ქართველი ხალხის და ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

 

თამთა მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების“ მიღწევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფონზე გიორგი გახარიას გუნდი ღიმილისმომგვრელია.

 

„ქართული ოცნება“ არის ეროვნული ღირსებით ევროპული მომავლის გარანტი. ამ ხელისუფლების პირობებში, ძალიან მცირე დროში, ასოცირების შეთანხმება დავდეთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დავდეთ, ვიზა-ლიბერალიზაცია მოვიპოვეთ, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და რაც მთავარია, ავტორიტარიზმი აღვკვეთეთ.

 

ჩემთვის ღიმილის მომგვრელია გიორგი გახარიასა და მისი გუნდის ქმედებები, როცა პოლიტიკას თავშეფარებული ქილიკობენ და „ქართული ოცნების“ გუნდსა და ბატონ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებენ. გიორგი გახარიას გუნდს შევახსენებ, რომ გიორგი გახარია არის ის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ვერ გაბედა ირაკლი კობახიძესა და მის გუნდთან მის მოღალატეობრივ გადაწყვეტილებაზე საუბარი და ისე გაიპარა. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკური პროცესების შეფასების უნარი გვქონდეს - თუ რა და როგორ განვითარდა და ვითარდება. ვფიქრობ, ის პოლიტიკური ამბიცია, რომლითაც გიორგი გახარია გველაპარაკება, უბრალოდ, დაუმსახურებელია. იმიტომ, რომ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაფრიდან კაცად ბიძინა ივანიშვილმა აქცია და რომელიც ახლა მორიელივით მიუბრუნდა მას და ცდილობს, პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანოს მისი პარტია - „ქართული ოცნება“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner