ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მოსახლეობის ნაწილს აღუდგა კომუნიკაცია.
სტიქიის ზონაში დღეს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე, როგორც მთავრობის მეთაური, ადგილზე გაეცნობა სამუშაოებს.
დამეწყრილ ტერიტორიაზე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. ტერიტორია სუფთავდება ნარჩენებისგან, რათა არ გაჩნდეს მიწის მასის სავალ ნაწილზე ჩამოსვლის რისკი.
ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან გეოლოგები. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დაბრუნდებიან თუ არა საკუთარ სახლებში სტიქიის ზონიდან გასახლებული ოჯახები.