„ჩვენთვის სასურველია, რომ დებატები გვქონდეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამით მოვიპოვოთ უპირატესობა, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ საქმე საუბრის დროს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება ის უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაზე გააჩნია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ფერისცვალება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ვნახეთ რამდენად არის გულწრფელი, ლეგიტიმურ კითხვას იწვევს. დრო გვიჩვენებს ამ ყველაფერს. თუ ისინი წინასაარჩევნოს და არჩევნების შემდეგ მოიქცევიან კონსტრუქციულად, ეს ზოგადად კარგი იქნება. თუ ისინი აღიარებენ მარცხს, რომელიც მათ ნამდვილად ელით არჩევნებში, ისე, როგორც ამას ევროპული კულტურა ითვალისწინებს. ცხადია, ჩვენ მსგავსი მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გვაქვს. მათი ზნე და ხასიათი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მათ რადიკალიზმის გარეშე, როგორც წესი, არ შეუძლიათ. ამიტომ მგონია, რომ ეს ფერისცვალებაც ეფემერული იქნება. ზოგადად, ეს რადიკალური ოპოზიცია ერთი ორგანიზმია და აქაც ჩვენ ვნახეთ, როგორი უკიდურესი რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ „გახარიები“ და „ლელო. საქმეზე ორიენტირებული კითხვები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ ჰქონდა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.