„წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.“
დღეს ჩვენს თენგიზ მირზაშვილს, თბილისის ჩუბჩიკას, 90 წელი შეუსრულდებოდა. წერილი გალაკტიონის „საეტაპო“ სტროფით დავიწყე, რადგან ვიცი, რომ ფერმწერს გალაკტიონი განსაკუთრებით უყვარდა და „გალაკტიონოლოგიის“ სამი წიგნის მომზადებასა და გამოცემაში თავისი მრავალმხრივი წვლილი შეიტანა. ჩემი მოკრძალებული აზრით, გალაკტიონისა და ჩუბჩიკას შემოქმედებაში ხაზგასმული ინდივიდუალიზმი, გამორჩეული გემოვნება და უკომპრომისო თავისუფლება იკითხება და ალბათ, ამანაც განაპირობა არაყველასნაირი ფერმწერის კაცური სიყვარული არაყველასნაირი პოეტის მიმართ, რომლის მშფოთვარე სული ერთგვარად ავსებდა ჩუბჩიკას მეტ-ნაკლებად მშვიდ ბუნებას... და კიდევ ერთი შტრიხი: გალაკტიონის და ჩუბჩიკას შემოქმედება თითქმის თანაბარწილად მრავალრიცხოვანია, თვალი რომ გადაავლოთ, გაგიკვირდებათ, როდის ასწრებდა ეს ორი დიდებული ადამიანი ამდენი შედევრის შექმნას. უახლესი წარსულის წიაღსვლებიდან გამომდინარე, მივედი დასკვნამდე, რომ ქვეყანას ჩუბჩიკაც ერთი ჰყავდა, რომელსაც ყველაფერში თავისი ხელწერა ჰქონდა - პროფესიაშიც, ჩაცმაშიც და ვარცხნილობაშიც.
ვარცხნილობა ტყუილად არ მიხსენებია. საქმე იმაშია, რომ მეტსახელი „ჩუბჩიკა“ მას სწორედ თავისი ვარცხნილობის გამო შეარქვეს, რადგან „ჩუბ“ (გნებავთ, "ჩუბჩიკ") რუსულად კაცის აშლილ ქოჩორს ჰქვია, რომელიც ასე უხდებოდა ჩვენს იუბილარს.
აქვე გაგახსენებთ ყველასთვის ცნობილ სიმღერას, რომელიც პირველად 1927 წელს, ნიუ-იორკში, "Brunswick"-ის საგრამაფონო სტუდიაში ჩაწერეს და მას ცნობილი მომღერალი და ორკესტრის ხელმძღვანელი მუნია სერებროვი ასრულებდა:
„Чубчик, чубчик, чубчик кучерявый,
Развевайся чубчик по ветру.
Прежде чубчик я тебя любила,
И теперь забыть я не могу.“
ჰოდა, 1975 წლის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩუბჩიკა რეჟისორ გიორგი კალატოზიშვილის სახლში მარტო იჯდა, მორიგ ჯერზე შექსპირის „მაკბეტს“ ციტირებდა და იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ შესძლებდა ამ ურთულესი ტრაგედიის დადგმას, კარებზე ზარი გაისმა...
სტუმარი ანდრეი ტარკოვსკი აღმოჩნდა, რომელსაც („ბაში-აჩუკის“ აბდუშაჰილისა არ იყოს) ჯერ მისალმებაც არ დაემთავრებინა, რომ ჩუბჩიკამ „მაკბეტის“ დადგმის ჟინი გაუმხილა. არც ტარკოვსკი ჩამორჩა და ამ მართლაც არაყველასნაირმა რეჟისორმა, ჩუბჩიკას თავისი ერთადერთი სპექტაკლის - „ჰამლეტის“ სცენოგრაფობა შესთავაზა. ჩუბჩიკა დასთანხმდა, მაგრამ იმაზეც ფიქრობდა, რამდენად შესძლებდა ტარკოვსკისთან მუშაობას, რომელიც საკმაოდ ემოციური და „წიკიანი“ ტიპი იყო და ნერვიულობისას ჰაერს კბილებში სცრიდა. ჩუბჩიკა ძალზე სენსიტიური ადამიანი იყო, სხვებთან ურთიერთობისას ყველა დეტალს ამჩნევდა და ეშინოდა, ვაითუ მუშაობისას ერთმანეთს ვერ გავუგოთო. მოკლედ, ტარკოვსკი ჩუბჩიკას ნიჭს, გემოვნებასა და ცოდნას ალალად ენდო, ჩუბჩიკამ კი მართლაც შესანიშნავი ესკიზები მოამზადა, რომლებიც ტარკოვსკიმ ასე შეაფასა: ”კოსტუმების დიზაინი გენიალურია, გენიალური!“ ტარკოვსკის და მირზაშვილის „ჰამლეტის“ პრემიერა 1977 წელს, ლენკომში შედგა.
მანამდე კი... ყველაფერი ულამაზესი სვანეთიდან დაიწყო:
1934 წლის 10 თებერვალს დაბა მესტიაში მრავალმხრივ ნიჭიერი და კოლორიტული ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, პუბლიცისტი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი და თბილისის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი თენგიზ მირზაშვილი, ჩვენი ჩუბჩიკა დაიბადა. არავის გაჰკვირვებია, როდესაც მან მხატვრობის ნიჭი გამოამჟღავნა, რადგან მისი მშობლები - სოფიო ლემბერგი და რევაზ მირზაშვილი - ცნობილი მხატვრები იყვნენ (მომავალში იგივე პროფესია აირჩიეს ჩუბჩიკას შვილებმა - ნატობ და გიამ).
თენგიზ მირზაშვილი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის, შემდეგ კი თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე და მისი პედაგოგი გენიალური სერგო ქობულაძე იყო.
თენგიზ მირზაშვილის ჟანრულ ნამუშევრებში თვალშისაცემია ქალების პორტრეტები და პატარა ზომის პეიზაჟები - ულამაზესი სახლუკებით, ფარდაგებით, კოშკებით, მთებზე შეფენილი ცხვრებით, ხეებით, ყვავილებით, ჩიტებით და ყველაფრით, რაც ადამიანს, ბუნებას და ბუნებრიობას უკავშირდება. მის ნამუშევრებში ვერ ნახავთ სიყალბეს, რაც სრულიად მიუღებელი იყო ჩვენი ჩუბჩიკასთვის.
თენგი მირზაშვილი მუშაობდა წიგნის გრაფიკაში, იყო ხალხური პოეზიის, ფოლკლორისა თუ ზღაპრების კრებულებისა და უდიდესი ქართველი კლასიკოსებისადმი მიძღვნილი 100-ზე მეტი გამოცემის შემდგენელი, მხატვარი და რედაქტორი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფდი სამტომეულს „ფიროსმანი“, რადგან ჩუბჩიკამ ფიროსმანის ფენომენის შესწავლას არაერთი წელი დაუთმო. იგი ასევე იყო მრავალი ქართული ფილმის მხატვარი, რომელთა შორისაა: „მანანა“, „შერეკილები“, „ფიროსმანი“ (გაგიმარჯოთ ყველას).
თენგიზ მირზაშვილის პერსონალური გამოფენები იმართებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში, რუსეთში, კანადაში, ავსტრიაში, აშშ-ში, საფრანგეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ერთხელ მე და ჩემი ლონდონელი მეგობარი ზურა რევაზიშვილი, რომელიც ჩუბჩიკას ხელოვნების თაყვანისმცემელია, ლესელიძის ქუჩაზე ზაირა ბერელიძის გალერეაში მივედით, ვიცოდით, რომ იქ ჩუბჩიკას ნამუშევრებს ვნახავდით. ზაირასთან სტუმრობა ჩემთვის საბედნიერო აღმოჩნდა. მისი წყალობით ვიხილე ჩუბჩიკას მიერ 90-იან წლებში შექმნილი საოცარი პლაკატები, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდი და ბევრი დღესაც არ იცნობს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ისინი, თურმე, ჩუბჩიკას სახელოსნოში ინახებოდა და არასოდეს და არსად გამოფენილა. უამრავ პლაკატზე აღბეჭდილია საბჭოთა ეპოქის თითქმის ყველა ლიდერი. ერთზე, მაგალითად, ეკრანზე მოჩანს ჩარლი ჩაპლინი, ჩანგლით და „შესაჭმელი“ ფეხსაცმლით ხელში, ფილმიდან „ოქროს ციებ-ცხელება“, რომელსაც ხორაგით „დახუნძლულ“ სუფრასთან მჯდომი ბელადი უყურებს, მეორე პლაკატზე მოჩანს ჩიბუხიანი ბელადი და სლოგანი: „Не бойся говорить правду!“ ერთ პლაკატზე პატარა ბიჭუნა დიდ ბელადს ეკითხება: „Товарищ Сталин, зачем вы расстреляли моего отца?“ სტალინი კი პასუხობს: „А чем я тебе не отец?“
ჰოდა, ბულატ ოკუჰავას ერთ ლექსს გაგახსენებთ:
„Ну что, генералиссимус прекрасный?
Твои клешни сегодня безопасны –
опасен силуэт твой с низким лбом.
Я счета не веду былым потерям,
но, пусть в своем возмездьи и умерен,
я не прощаю, помня о былом.“
73 წლის თენგიზ მირზაშვილი სიმსივნით გარდაიცვალა, 2008 წლის პირველ დღეს - 1 იანვარს... ჩუბჩიკა სიკვდილის დღის არჩევაშიც კი არაყველასნაირი აღმოჩნდა.
დიდი ფერმწერი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.
მე კი წერილს კვლავ გალაკტიონის სტროფით დავასრულებ, რომელიც ჩვენს იუბილარს საოცრად უხდება:
„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.“