„უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება, ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში.
ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქე მიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ, ასევე ჩვენც უნდა ვისწრაფოდეთ უფალთან შეხვედრისა და მისი დანახვისკენ.
წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქ იერიქონში, სადაც იყო ეს ადამიანი, სახელად ზაქე, მდიდარი, მებაჟეთა უფროსი (,,მებაჟე” ნიშნავს გადასახადების ამკრეფს). რომის იმპერიაში ისე იყო დაწესებული, ისეთი კანონები იყო, რომ ეს მებაჟეები ყველანი მდიდრები იყვნენ ამ კანონმდებლობის გამო, ვინაიდან, როდესაც გადამხდელი ვერ იხდიდა თანხას, მაშინ მებაჟეს უნდა გადაეხადა მის ნაცვლად, მაგრამ შემდეგ უფლება ჰქონდა, ამ გადამხდელისთვის ოთხმაგი თანხა გამოერთმია. თუ ამ ფულსაც ვერ იხდიდა ადამიანი, ამ ოთხჯერ მეტს, შემდეგ მას აპატიმრებდნენ, სანამ არ გადაიხდიდა, ჰყავდათ ციხეში, ან კიდევ მონად ყიდდნენ. ამიტომ ეს მებაჟეები ძალიან მალე მდიდრდებოდნენ.
და აი, ამ ზაქემ ძალიან მოინდომა იესო ქრისტეს ხილვა, დანახვა მისი, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ხალხმრავლობის გამო, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი: მას იმდენად უნდოდა მაცხოვრის დანახვა, რომ ყველა თანამოქალაქის თვალწინ, როგორც პატარა ბიჭი, ისე ავიდა ხეზე, დაძლია თავისი პატივმოყვარეობა, იგი აღარ დაეძებდა იმას, რომ შეიძლება ამის გამო დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქრისტე დაენახა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა და მისმა ასეთმა სურვილმა მიიპყრო მაცხოვრის ყურადღება. უფალი შეჩერდა, მოუხმო მას თავისთან და შემდეგ, მიუხედავად ამ ხალხის რისხვისა (იმიტომ, რომ მეზვერეები ძალიან არ უყვარდა ხალხს იმის გამო, რაც გითხარით), მის სახლშიც კი მივიდა.
და აი, ამ ზაქეზე იმდენად იმოქმედა მაცხოვრის სიყვარულმა, გულმოწყალებამ, რომ მის სულში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა იესო ქრისტეს: „მე აქამდე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ დღეიდან მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჯერ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხმაგად ავუნაზღაურებ“ .
აი, ასე მოხდა ამ კაცის ფერისცვალება და ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ეტყვის: „დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს“. რა თქმა უნდა, უფალმა დაინახა, რომ ასეთი აზრი ზაქეს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოსვლოდა, ანუ მხოლოდ ღმერთმა ჩააგონა მას, რომ შეიძლება ქონების ნახევარი დაარიგოს გლახაკებში, იმიტომ რომ მას მრავალი ადამიანის გაღარიბებაში მიუძღოდა ბრალი, ხოლო ვინმეს თუ აწყენინა, ოთხმაგად აუნაზღაუროს. ეს რატომ? – იმიტომ, რომ ამათ, ე.ი. ვისაც აწყენინა, არც კი ახსოვდეთ შემდგომში, რომ ვიღაცა მებაჟემ ისინი გაყვლიფა. თუმცაღა, გაყვლიფა იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით; ანუ ამ უსინდისობას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.
და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება.
ზაქეს მაგალითზე მშვენივრად ჩანს, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს; მაგრამ ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ეს სინდისი უნდა ჰქონდეს. აი, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს. ზაქეში ამ სინდისმა გაიღვიძა და იგი გახდა ქრისტეს მოწაფე და ხსნა მოევლინა მის ოჯახს.
რატომ იყო შეტანილი ეს ამბავი სახარებაში? – იმიტომ, რომ დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ სახარებიდან – რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ჩვენ ამას რომ მივაღწიოთ, ამისთვის ზაქეს მსგავსად უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.
აი, ზაქემ მოინდომა მარადიული ნეტარება და მიიღო კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც მიაღწია თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისას, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დღეს ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავთ ორ გვარს: მარტინენკოებს და ამაღლობლებს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.