იენს სტოლტენბერგი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წაახალისებდა, რომლებიც გადასახადებს არ გადაიხდიდნენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას ალიანსზე „ერთიანი და ძლიერი პასუხი“ მოჰყვება.
„ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის და მზარდი რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის განცხადებაში.