logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა მისი გაკეთება
- +

14 სექტემბერი. 2016. 11:45



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა ახალგაზრდობა, სრულიად საქართველო დალოცა და მათთვის ღვთისგან გონიერება და სიკეთე ითხოვა.



უწმინდესის თქმით, შესთხოვს უფალს, რომ ჩვენი სული განამტკიცოს, გული სიყვარულით აავსოს, ჩვენი გონება კი - ცოდნითა და სიბრძნით.


დღეს არის საეკლესიო კალენდრით ახალი წელი. ახალი წელი მუდამ სიახლის მომტანია, სიახლეს ელოდება ადამიანი. დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეხედოს წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი რა არის? ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. უნდა გავაანალიზოთ, ანალიტიკური, აზროვნება უნდა გამოვიჩინოთ, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამა თუ იმ საქმეს და ვეღარ ვამთავრებთ. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი დიდი საქმე ბოლომდე მიგვატანინოს და დაგვამთავრებინოს", - ბრძანა უწმინდესმა.



პატრიარქმა ქადაგებისას ასევე ახალგაზრდებს, ტაძარში შეკრებილ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს მიმართა და მათთვის სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


პატრიარქის თქმით, ყოველი სასწავლებელი ადამიანს უნდა აძლევდეს არა მარტო ცოდნას, არამედ განათლებას, ნათელი უნდა ახლდეს მას, სიკეთე და სიყვარული.


ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა უნდა იყოს. ყოველი სასწავლებელი სიყვარულს უნდა უნერგავდეს ახალგაზრდებს", - განაცხადა უწმინდესმა.



პატრიარქმა წმინდა სერგის ლავრაში მისი სწავლების პერიოდიც გაიხსენა. უწმინდესის თქმით, იგი მუდამ გრძნობდა უფლის წყალობას და შეწევნას, უფლის მასთან ყოფნას. პატრიარქის განცხადებით, იგი სწავლობდა წმინდა სერგის ლავრაში და ყოველ დილით ემთხვეოდა მის წმინდა ნაწილებს.



მადლითა და სიყვარულით სავსე ვბრუნდებოდით სასწავლებელში. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა გახსნას თქვენი, ჩვენი ყველას გონება: ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხელისუფლების, მღვდელმთავრების, სამღვდელოების, ბერ-მონაზვნების. ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება და გული, რათა ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა", - ბრძანა უწმინდესმა.



პარაკლისის დასრულების შემდეგ ტაძარში მყოფებს ტკბილეული დაურიგეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner