„საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის.
„ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის ბუნებრივია საჭირო.
იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.
ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.