09.02.2024 წ. გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინტერვიუ აშშ-ში ცნობილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან. ყურადღებით გავეცანი და შევეცადე მის არსში ჩაწვდომას.
ჩემი ხედვა თემაზე: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან.
ორწლიან, სისხლისმღვრელ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის ორსაათიანი ინტერვიუ მსოფლიოს გასაგონად, ყველა შემთხვევაში რელევანტურია და შესაძლოა დადებითი როლი ითამაშოს, 500 ბავშვის მკვლელი ხოცვა-ჟლეტის, ნებისმიერი სცენარის შესაჩერებლად.
პუტინმა ახსენა, რომ ისინი (რუსები) დათანხმდნენ სსრკ-ს დაშლის დროს საზღვრებზე, მაგრამ არ შეთანხმებულან ნატო-ს გაფართოებაზე; უკრაინის ნატო-ში შესვლაზე; იქ ბაზების შექმნაზე.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების არავითარი დოკუმენტი არ არსებობს.
პუტინმა გაიხსენა ბელგრადის დაბომბვა ნატო-ს თვითმფრინავების მიერ და ამას გაერო-ს წესდების უხეშ დარღვევად თვლიდა. ამაზე თურმე აშშ-მ გაეროს წესდების მოძველება დაასახელა. პუტინმა დასვა რიტორიკული კითხვა, რომ თუ აშშ-ს გაეროს წესდების მოძველების გამო შეუძლია ბელგრადის დაბომბვა, იგივე რატომ არ შეუძლია რუსეთს უკრაინაში 2014 წ. სამხედრო გადატრიალების აღსაკვეთად?
პირადად მახსოვს პუტინის ცივსისხლიანი მუქარები აშშ-ის იმ ნაბიჯებზე, რაც მას მიუღებლად მიაჩნდა, რომ ადეკვატური პასუხები არ დააყოვნებდა.
აქედან შეიძლება დავასკვნათ: პუტინმა დაგმო აშშ-სა და მისი „ევროპელი სატელიტების“ ჩარევა რუსეთის, როგორც დამოუკიდებელი, გაერო-ს წევრი სახელმწიფოს, შიდა საქმეებში, ასევე მისი ინტერესების სხვა ქვეყნებში.
პუტინმა ინტერვიუში ასევე თქვა: „ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი არც პოლონეთში, არც ლიტვაში, არც არსად. რად გვინდა ჩვენ ეს“.
ისმება ლოგიკური, სრულიად მარტივი კითხვა: როგორ მოხდა, რომ იგივე რუსეთი უხეშად ჩაერია მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, დონბასისა და ყირიმის კონფლიქტებში?
თუ რუსეთის მხარე გვიპასუხებს, რომ მათ მაგალითი აშშ-სგან აიღეს, მაშინ რა საჭიროა გაერო საერთოდ?
პუტინის თქმით, უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა. 1922 წელს ლენინმა შექმნა საბჭოთა უკრაინა, რომელიც მანამდე არასოდეს არ არსებობდა. რატომღაც მიუმატეს შავიზღვისპირეთის მთელი სანაპირო, რომელიც აქამდე არასოდეს ჰქონდათ. შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებაში მყოფმა უკრაინელი ეროვნების ჩინოვნიკებმა უკრაინიზაცია გააგრძელეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი უკრაინას მიუერთეს უნგრეთის და რუმინეთის ნაწილები.
კარლსონი ჩაეკითხა, რომ პრეზიდენტობის 22 წლის მანძილზე ეს რატომ არ თქვითო არასოდეს?
პუტინმა სხვა თემა გააგრძელა.
კარლსონის კითხვაზე ომის დაწყების პროვოცირებასთან დაკავშირებით, პუტინმა თქვა, - რომ ეს 2014 წლის სამხედრო გადატრიალებამ გამოიწვია; რომ არა ეს ძალადობა, მაიდანის სისხლიანი მოვლენები, ჩვენ თითს არ გავანძრევდით, დონბასელებთანაც შერიგდებოდნენ დროთა განმავლობაში და ყირიმიც დარჩებოდათ; ომი ჩვენ არ დაგვიწყია 2022 წელს, ეს 2014 წლის ომის შეწყვეტის მცდელობა არისო (??).
ამ ფორმულირებაზე ვერც ნორმალურ კომენტარს და ვერც დასკვნას მე ვერ გავაკეთებ. ეს არაფრის მომცემია. ეს მსოფლიო ლიდერების ვიწრო წრის (და არა გაერო-ს ფორმატების) გასარჩევი და მისათითებელი თემაა, რომ არასწორი ზღაპარი უნდა შეიცვალოს სწორი და კანონიერი მიდგომებით. უნდა ჩართონ ისტორიკოსები, ფსიქოლოგები... ყველა, ვინც საჭიროა.
თუ ეს ასეა, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ასეთი საკითხი მარტო რუსეთის გადასაწყვეტი არ არის და სწორედ ამისთვის არის შექმნილი გაერო.
საუბარი იყო ПРО-ს (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა), სადაც რუსეთსაც უნდოდა ჩართვა, საკითხი მოიწონეს და მერე ჩახსნეს. ამის პასუხად, პუტინის თქმით, რუსებმა შექმნეს ზებგერითი, საკონტინენტთაშორისო სიშორის სისტემები, აგრძელებენ მის სრულყოფას და ამ საქმეში ყველას გაასწრეს.
პირადად მახსოვს პრეზიდენტ რეიგანის განცხადება (სსრკ დაშლამდე), რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არასოდეს არ მიიღებდნენ ნატო-ში!
და რა მერე?
ვისი ბრალია, რომ იმ დროის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ელცინი და სსრკ პრეზიდენტი გორბაჩოვი აგონიაში იყვნენ და ფაქტობრივად ვერაფერს აკონტროლებდნენ? სსრკ-ს დაშლის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, გორბაჩოვი შენობიდან არ გამოვიდა, სანამ ელექტროენერგია და წყალი არ გამოურთეს! ელცინი უმეტეს დროში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
აი, ვის ეყრდნობოდა პუტინი, და მათი აბუჩად აგდება აშშ-ს მხრიდან, ალბათ, მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო.
პუტინმა ასევე ნორმალურად დაახასიათა აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი. არც ზელენსკის მიმართ უხმარია სალანძღავი სიტყვები.
ზელენსკის მამა (დაბ. 1947 წ.) მეორე მსოფლიო ომის მონაწილედ მოიხსენია, ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლად. ალბათ, საუბარი იყო ზელენსკის ბაბუაზე.
მაგრამ რაც გერმანია-პოლონეთის ამბებზე ილაპარაკა, ეს უკვე სიმახინჯეში გადადის.
პუტინმა თქვა, რომ „1939 წ. პოლონეთი ჰიტლერთან თანამშრომლობდა. გერმანიამ დანცინგის კორიდორის დაბრუნება მოითხოვა, რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადაეცა პოლონეთს. უარით პოლონეთმა აიძულა, პროვოცირება გაუკეთა გერმანიას 1939 წ. 1 სექტემბერს, მსოფლიო ომის დასაწყებად, რადგან მას საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა გზა არ ჰქონდა“.
ასეთი ფორმულირება ძირშივე არასწორია და პუტინს ეს არაფერში სჭირდება.
პუტინს სასწრაფოდ და ძალიან უნდა ომის შეწყვეტა სახის დაკარგვის გარეშე;
იგივე უნდა კარლსონს - ამერიკის ღირსების შელახვის გარეშე.
ფაქტია, რომ რუსეთი „არ იღლება“, ყოველ ცისმარე დღეს ბომბავს უკრაინას და იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები.
ეს სასაკლაო უნდა შეწყდეს!
გამომდინარეობს: უნდა გავიაზროთ, თუ ვინ ვართ ჩვენ და სადა ვართ, რა მსოფლიოში
ვცხოვრობთ.
საქართველომ ძალიან სწორი და მოზომილი ნაბიჯებით იარა, რომ ამ ორომტრიალში არ ჩაერთო.
და მომავალშიც დიდი სიფრთხილე მართებს, ყველასთან!